ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მას გუშინ უკრაინის რადას ფრაქციის "ხალხის მსახურის" თავმჯდომარისა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას გათავისუფლება არ მოუთხოვია და "ფეიკი გაუვრცელეს".
"აქედანაც ჩანს, როგორი ფეიკები არიან ეს ადამიანები. სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ ხელისუფლებებს შორის იყო სუფთა ურთიერთობები. ამათ თქვეს მეოთხე არახამია, რაც არის ტყუილი. მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე, კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? სააკაშვილი, რომელიც არის უმძიმესი კრიმინალი, ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი", - ამბობს კობახიძე.
გუშინ, 11 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში უმაღლეს საპარლამენტო დონის ვიზიტზე "მკაფიო წინაპირობები აქვთ"', მათ შორისაა უკრაინის ხელისუფლებიდან ენმ-თან დაკავშირებული ადამიანების გათავისუფლება.
"მესამე და ყველაზე პრინციპული საკითხი - ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში არიან წარმოდგენილები. ესენი არიან: სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, გენპროკურორის მრჩეველი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომელიც არის დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და ნუ, არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა", - თქვა კობახიძემ.